ინტერვიუ ნატალი ოსმანთან

ასევე, მინდა გამოვყო Dior, რომელზეც ვგიჯდები!
რაც შეეხება კოლაბორაციებს, განსაკუთრებული იყო ჩემი პირველი თანამშრომლობა Micheal Kors-თან. ეს იყო 8 წლის წინ, როდესაც მე და მურადი ნიუ იორკში ვიყავით

English version available here

ნატალი ოსმანსა და მის ქმარს, მურადს, წლების განმავლობაში ვა-follow-ებდი. ალბათ თქვენც გინახავთ მათი ულამაზესი მოგზაურობის ფოტოები და #FollowMeTo-ს კადრები, რომელიც პატარა კულტადაც იქცა. რამდენიმე წლის წინ, აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, ისინი თბილისს ესტუმრნენ. მათ გადაღებისთვის ქართველი დიზაინერების სამოსის შერჩევა უნდოდა, თუმა დღესასწაულებთან დაკავშირებით ყველაფერი დახურული დახვდათ. მაშინ მე გამოვიჩინე ინიციატივა მივსულიყავი და მემასპინძლა მათთვის MORE is LOVE-ის შოურუმში (სადაც იმ პერიოდში ვმუშაობდი) და ასე გავიცანი ნატალია. ის ძალიან უშუალო და ლაღი ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც ასევე საოცარი სტილის შეგრძნება აქვს.


ნატალია მოგზაურობის ინფლუენსერთან ერთად მოდის ერთ-ერთ წამყვან ინფლუენსერად ჩამოყალიბდა, რაც გასაკვირი არ იყო. მისი თანამშრომლობა წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან და მოდის კვირეულების თავგადასავლები შეგძლიათ მის Youtube არხზე ნახოთ. დღეს კი, დიდი სიამოვნებით გიზიარებთ ჩემს ინტერვიუს ნატალიასთან. ისიამოვნეთ!

  • როგორი აღმოჩნდა კარანტინი იმ ადამიანისთვის, რომელიც გამუდმებით მოგზაურობს?

მე და მურადს სახლში ამდენი დრო დიდი ხანია არ გაგვიტარებია, თუმცა ვეცადეთ ეს პეიოდი ჩვენს სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. მე დავიწყე ინსტაგრამზე live ტრანსლაციები საინტერესო ადამიანებთან ერთად. (ეს ვიდეობი შენახულია ჩემს IGTV-ზე და შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი). ჩვენ ასევე ვატარებდით “#FollowMeToHome” კონკურსს ჩვენი გამომწერებისთვის, რომელშიც ისინი #FollowMeTo-ს სტილში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებდნენ და ჩვენ ყველაზე კრეატიულებს საჩუქრებით ვაჯილდოვებდით. ასევე, მომეცა საშუალება მომემზადებინა ჩემი ქმრისთვის გემრიელი საუზმეები და ვახშმები, წამეკითხა წიგნები, მეცეკვა და გადამეღო სახალისო ვიდეობი T3iktok-სთვის.

  • Youtube-ზე, შენი მოდის კვირეულების ვიდეოებში შევამჩნიე, რომ დროის სიმცირის მიუხედავად ყოველთვის პოულობ დროს იოგასთვის. გვითხარი, რა მნიშვნელობა უკავია იოგას შენს ცხოვრებაში?

იოგა, დიდი ხანია, ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მე ვიწყებ ჩემს დღეს იოგათი და დღის განმავლობაშიც ვპოულობ დროს მედიტაციისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის. მაშინაც კი, როდესაც არ მაქვს დრო, ან დაღლილი ვარ (როგორც მოდის კვირეულებზე), მაინც ვშლი იოგას მატს და მინიმუმ 10 წუთი ვვარჯიშობ. ეს ჩემს მენტალურ ბალანსსა და გონების დამშვიდებას ეხმარება.

  • შენი გამოცდილებით, რა არის წარმატების ფორმულა, რომელიც მოგზაურობის/მოდის ინფლუენსერად ჩამოყალიბებაში დაგეხმარა?

შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, თუმცა ფორმულა მარტივია — იყავი ის ვინც ხარ, არ მიბაძო სხვას. შეიძლება შენი შთაგონების წყარო სხვა აღმოჩნდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური გილწრფელობა შეინარჩუნო.

  • შენ უამრავ დიდ საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობ. შეგიძლია გაგვიზიარო თანამშრომლობა, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა შენს გულში?

ასეთი ბევრია, თუმცა როგორც ბრენდი, ჩემი საყვარელია Bulgari. არ ვგულისხმობ რომელიმე თანამშრომლობას, უბრალოდ გულწრფელად მიყვარს ყველაფერი რასაც ეს ბრენდი აკეთებს.
ასევე, მინდა გამოვყო Dior, რომელზეც ვგიჯდები!
რაც შეეხება კოლაბორაციებს, განსაკუთრებული იყო ჩემი პირველი თანამშრომლობა Micheal Kors-თან. ეს იყო 8 წლის წინ, როდესაც მე და მურადი ნიუ იორკში ვიყავით და დიზაინერმა თავად მოგვწერა და შემოგვთავაზა საქველმოქმედო პროექტში “Watch Hunger Stop” მონაწილეობა. კამპანიის ფარგლებში, ყოველა გაყიდული საათით ბრენდი აფრიკაში ბავშვებს 100 საუზმეს უფინანსებდა. კამპანიის სახე ჰოლი ბერი იყო. ჩვენ ფოტოები კი თაომს სქვერის ეკრანებზე აღმოჩნდნენ!

  • რომელია 3 ინფლუენსერი, რომელსაც სიამოვნებით ადევნებ თვალს? და რატო?

საკულტო ფიგურები, რომელსაც მუდმივად ვადევნებ თვალს არიან: ანა ვინტური, ვიქტორია ბექჰემი და ჰადიდების ოჯახი. ბლოგერებიდან უნდა ავღნიშნო ამინა მუადი, რომელმაც საოცარი ფეხსაცმლის ხაზი შექმნა. ასევე, მომწონს ბრაიან იამბაო, ფილიპინელი მოდის ბლოგერი ცნობილი, როგორც @bryanboy. შთაგონებისთვის კი ყოველთვის თვალს ვადევნებ მაქსიმ საპოჟნიკოვს, რომელიც ონლაინ მოდის ჯირნალს @fashiontomax-ს ქმნის.

ძალიან მიყვარს სტილისტი ჯული პელიპას, რომელიც უკრაინული Vogue-ის მოდის რედაქტორია. ძალიან მომწონს მარია მიხაილოვა, რომელიც რუსლი Vogue-ის სოციალური ქრონიკის რედაქტორია. ძალიან ბევრია ასეთი, ამიტომ მხოლოდ 3-ის გამოყოფა მიჭირს 🙂

  • ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით თბილისში და ვიცი, რომ კარგად იცნობ ქართულ ბრენდებს. გყავს ფავორიტი ბრენდები?

ძალიან ბევრი ნივთი მაქვს ქართველი დიზაინერებისგან და ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ მოდის კვირეულებზე დასწრებით. ჩემი საყვარელი ბრენდებია Dots, Lalo, Anouki, Dalood და ასევე მომწონს საინტერესო ნივთები კონცეპტუალური ბრენდი MATERIEL TBILISI-დან.

  • არის რამე სამომავლო პროექტი, რომელიც შეგიძლია ჩემს მკითხველს გაუმხილო?

ბოლო პერიოდში შევქმენი ონლაინ კურის იოგასა და მედიტაციის შესახებ. ეს იმ ადამიანებისთვისაა, ვინც არ იციან საიდან დაიწყონ იოგასთან ურთიერთობა. მე ვაზიარებ ჩემს პირად გამოცდილებას, რომელიც 15 წლის განმავლობაში ტიბეტში, ინდოეთში, სამხეთ ამერიკაში, ჰიმალაისა და ეგვიფტეში დავაგროვე. ასევე, ვასწავლი რიტუალს, რომელიც მე მეხმარება შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში; განვიხილავ ჩემს საყვარელ მინერალურ ქვებს, არომათერაპიას,  საყვარელ წიგნებს და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამაში მთელი ჩემი გამოცდილება და სული ჩავდე.

ინტერვიუ ვანესა ონგთან

პირადად მე ვაგროვებ ძველ Celine-ის ნივთებს, Phoebe Philo-ს პერიოდიდან. მათ, როგორც წესი Vestaire-ზე ან The Real Real-ზე ვპოულობ.

ვანესა რომელ წელს აღმოვაჩინე არ მახსოვს. მგონი, მაშინ ტერმინი ინფლუენსერი არ იხმარებოდა და ინსტაგრამის გარდა ის ონლაინ ბლოგს (Haute Pursuit) უძღვებოდა. ვანესას საიტი ლამაზ look-ებს, ნიუ იორკულ ცხოვრების წესსა და სამაგალითო ბლოგინგს აერთიანებდა. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ბლოგერების შორის, რომლებმაც მოდის ინდუსტრიაში ახალი ნიშა შექმნეს და თანამედროვე ინფლუენსერებს გაუკვალეს გზა. ვანესა სისტემატიურად თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა Chanel, Bottega Veneta, PRADA და პარალელურად უძღვება პოდქასტების სერიებს სახელად VanessaWantsToKnow.
ვანესა წარსულშიც გამხდარა ჩემი ბლოგის ინსპირაცია, დღეს კი შესაძლებლობა მაქვს ის ჩემი ინტერვიუს მეშვეობით უფრო ახლოს გაგაცნოთ.

  • სამწუხაროდ, ჩვენი დიალოგი COVID-19-სა და მსოფლიო პანდემიას დაემთხვა. შეგიძლია გაუზიარო ჩემს მკითხველს როგორია შენთვის ეს პერიოდი?

ნამდვილად ძალიან უცნაურია ცხოვრობდე ნიუ იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საქმიან ქალაქში და სირენების გარდა არაფრის ხმა გესმოდეს. იზოლაციის დახმარებით გადავაფასე ჩემი პრიორიტეტები როგორც პირად, ისევე კარიერულ ცხოვრებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხს მოსწონს ჩემი ინსტაგრამ-ლაივები, IGTV ვიდეოები და ის მასალა, რომელსაც ეს პერიოდი ვქმნი. ამ ყველაფერს საფუძვლადი ჩემი ცნობისმოყვარეობა და თანადგომის სურვილი უდევს.

იოგა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის ამ პერიოდში. ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ვცდილობ სისტემატიურად გავაკეთო მედიტაციები. ამასთანავე, ჩემი რუტინის შენელება, ნაკლები დროის გატარება ტელეფონის ეკრანთან და მეტი დრო საკითხავად ძალიან დადებითად აისახა ჩემზე.

  • შენმა გამომწერებმა კარგად იციან, რომ მოდური ტრენდების გარდა შენ ისეთ თემებსაც ეხები, როგორებიცაა ეკოლოგია და ეთიკური მოდა. როგორ შეაფასებ ბრენდების მიდგომას იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას პლანეტა?

სიმართლე, რომ გითხრა, ვცდილობ მეტი ოპტიმიზმით ვიფიქრო ამ საკითხზე, თუმცა ზომიერება და მოდა იდეოლოგიურად საკმაოდ მოშორებულია ერთმანეთისგან. მოდის ბრენდის მიზანია შექმნას ახალი კოლექციები, მუდმივად აწარმოოს ახალი სამოსი. მე მიყვარს მოდა, აქტიურად ვარ ამ სფეროში ჩართული, თუმცა ამ ყველაფრის გააზრება ნამდვილად თავს მატკიებს.

იმედი მაქვს, რომ გლობალური პანდემიის დასრულებასთან ერთად მივაგნებთ გამოსავალი და მოდის ბიზნესის კეთების გაუმჯობესებულ გზებს.

  • როგორც მოდის ინფლუენსერს შენ ალბათ ძალიან დიდი გარდერობი გაქვს. როგორ ახერხებ, შენი გარდერობის გონივრული მოცულობის შენარჩუნებას?

პირველ რიგში, ყოველთვის ვცდილობ არ მივიღო საჩუქრები ბრენდებთან თანამშრომლობის დროს. ამის ნაცვლად, მირჩევნია მათხოვონ ის ერთეულები, რომელიც უნდა გადავიღო და შემდეგ უკან დავაბრუნო. ხანდახან ისეც ხდება, რომ მიგზავნიან საჩუქრებს და როგორც წესი, ამ საჩუქრების უმრავლესობას სხვებს ვჩუქნი. კარიერის დასაწყისში ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები მქონდა და ვიცი რამდენს ნიშნავს ასეთ დროს ნივთის საჩუქრად მიღება. შესაბამისად ვცდილობ გავცე იმდენი, რამდენიც შემიძლია.

  • რა აზრის ხარ ვინტაჟსა და მეორად შოპინგზე?

პირადად მე ვაგროვებ ძველ Celine-ის ნივთებს, Phoebe Philo-ს პერიოდიდან. მათ, როგორც წესი Vestaire-ზე ან The Real Real-ზე ვპოულობ. ასევე, მიყვარს ევროპის ვინტაჟური მაღაზიები, მგონია, რომ არჩევანი და ხარისხი იქ ბევრად უკეთესია (ვიდრე ამერიკაში). ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი და მაღაზია კოპენჰაგენში მდებარეობს და ეს Paloma’s Vintage-ია.

  • არის რაიმე ნივთი ან look-ი, რომელსაც სოციალური ცხოვრების აღდგენისთანავე მოირგებ?

ჰმმ.. ალბათ ის Celine-ის ნივთი, რომელსაც განსაკუთრებული შემთხვევისთვის ვინახავ. ნამდვილად საზეიმოდ მინდა ავღნიშნო ამ ყველაფრის დასრულება.

  • შეგიძლია გაგვიზიარო 3 გვერდი, რომელიც შენ შთაგაგონებ?

პირველ რიგში ჩემი მეგობარი და მენტორი @therealphilliplim (ფოლიპი მოდის დიზაინერია, თუმცა მას საუკეთესო კულინარიური Story-ები აქვს და მისი ყოველდღიურობა შთამაგონებელია, როგორც თვითონ ის).
ასევე, საჭმლის სტილისტი @lailacooks (მომწონს ლეილას მიდგომა საკვებისადმი. ის კრეატიულ, ხალისიან და საგანმანათლებლო პოსტებითაა ცნობილი.)
და ბოლოს, ჩემი სახის კოსმეტოლოგი @joannaczechofficial (ჯოანა ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ადამიანია; ასევე 20 წელზე მეტია რაც ამ სფეროში მუშაობს და ძალიან სასარგებლო ხრიკებს აზიარებს)

  • გარდა შენი ინსტაგრამ აქტივობებისა, რომელსაც ყოველდღიურად გვიზიარებ, არის კიდევ რაიმე პროექტი, როემლზეც მუშაობ და შეგიძლია გაგვიზიარო?

დიახ! დაელოდეთ VanessaWantsToKnow ახალ ყოველკვირეულ პოდქასთებს. გპირდებით ბევრ მხიარულებას და მამოტივირებელ საუბრებს კრეატიულ ადამიანებთან. ნამდვილად მოსასმენია!

English version available here

მოდის ინდუსტრიის მომავალი

ჩვენებაზე ყველა სტუმარი შეძახილების და დაცვის თანხლებით მოვხვდით. შესვლისას მეხსიერებაში ამომიტივტივდა სცენა ფილმიდან “სექსი დიდ ქალაქში”

რამდენიმე წლის წინ ლონდონში მოდის კვირეულს დავესწარი. ერთ-ერთ ჩვენებაზე მისულს შესასვლელი ცხოველთა დამცველების მიერ ბლოკირებული დამხვდა. ტრანსპარანტების გარდა აქტივისტებს პლანშეტებიც ეჭირათ, რომლებზეც ცხოველების წამების კადრები ტრიალებდა. ჩვენებაზე ყველა სტუმარი შეძახილების და დაცვის თანხლებით მოვხვდით. შესვლისას მეხსიერებაში ამომიტივტივდა სცენა ფილმიდან “სექსი დიდ ქალაქში”, რომელშიც ჩვენებიდან გამოსულ სამანტას ცხოველთა დამცველი აქტივისტი თეთრ ქურქზე წითელ საღებავს ასხამს. თავი დაცულად ვიგრძენი, რადგან ქურქის მსგავსი არაფერი მეცვა. თუმცა, პირველად გავაცნობიერე, რომ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს საკითხი, რომელიც მოდის ეთიკურ, ეკოლოგიურ და გონივრულ ცვლილებებს საჭიროებს.

საქმე იმაშია, რომ ინდუსტრია, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით სამუშაო ადგილს ქმნის, ასევე წამყვან ადგილს იკავებს ჩვენი პლანეტის დაბინძურების მიმართულებითაც. მაგალითად, ყოველწიურად მთელი ტექსტილის 85% ნაგავსაყრელებზე ხვდება, რომლის ნელი ხრწნა ყოველდღიურად აბინძურებს ჰაერსა და წყალს ქიმიკატებით.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ საკითხზე უფრო აქტიურად და ღიად დაიწყეს მსჯელობა. ამჯერად თემის ინიციატორი არა აქტივისტთა ჯგუფი, არამედ თვითონ მოდის ინდუსტრიაა. ვეგანური ტყავი, ეკო-მეგობრული შეფუთვები და მდგრადი წარმოება იმ ცვლილებების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც არსებული ბრენდები განახორციელებენ. მსგავსი მიდგომები ახალი ბრენდებისთვის თავის დამკვიდრების საუკეთესო საშუალებად იქცა და, ბუნებრივია, მოდის ინფლუენსერებმაც არ დააყოვნეს.

Xenia Adonts მოდის პოპულარული ინფლუენსერია, რომელმაც 2019-ში მსოფლიოს საკუთარი ხაზი წარუდგინა. მან ბრენდ Attire-ის შექმნის უმნიშვნელოვანეს მოტივად იმ პრობლემების გააზრება დაასახელა, რომლებიც ამ ინდუსტრიას ახლავს თან. შედეგად, შეიქმნა სრულად მდგრადი ბრენდი, რომელიც ხარისხიან, “timeless” სამოსს აწარმოებს.
კიდევ ერთი ინფლუენსერი, რომელმაც ამ თემაზე ღიად დაიწყო საუბარი არის Vanessa Hong. ის ცნობილია დახვეწილი, მინიმალისტური სტილითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით. გასაკვირი არ იყო, რომ ზამთარში მოდის კვირეულის პერიოდში მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავის  გამომწერებს იმ წინააღმდეგობებს უზიარებს, რომელიც ერთის მხრივ მის საყვარელი საქმეს, ხოლო მეორეს მხრივ ეკო-მეგობრული ცხოვრების წესს შორის წარმოიქმნება. ვანესას ყოველდღიური საქმიანობა ტრენდებისა და ახალი მოდელების გაზიარებაა, რითიც გამომწერებს მუდმივად ახალი პროდუქტების შესაძენად მოუწოდებს. ინფლუენსერების ასეთი გავლენა კი წარმოების დაჩქარებას იწვევს, რაც ხშირ შემთხვევაში ხარისხისა და ეკოლოგიის ხარჯზე ხდება.

მოდის განვითარების ტემპსა და მომავალზე სულ რამდენიმე კვირის წინ Vogue-ის Zoom კონფერენციაზეც ისაუბრეს. გაუქმებული მოდის კვირეულებისა და შეწყვეტილი წარმოების პერიოდში, ინდუსტრიის ლიდერები თანხმდებიან, რომ პანდემიის შემდეგ ინდუსტრიაში ახალი სტანდარტები დაწესდება. Anna Wintour-ის თქმით, შეუძლებელი გახდა მოდის ადეკვატური აღქმა ახალი ტრენდებისა და კოლექციების შექმნის სიხშირის გამო; ხოლო Virgil Abloh ერთადერთ გამოსავალს იმ ეთიკურ მიზნებში ხედავს, რომელსაც ყველა ბრენდი უნდა ემსახურებოდეს.

ჩემი აზრით, გამოსავალი ჯაჭვის ყველა რგოლში მოიძებნება. შესაბამისად მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ჩვენი, როგორც მომხმარებლების, ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.

ამის გაკეთება უამრავი გზით შეიძლება:

·      საბაზისო კაპსულა-გარდერობის შექმნა*
საბაზისო გარდერობი იმ მცირერიცხოვანი ნივთების ნაკრებია, რომლებიც მარტივად ეხამება ერთმანეთს და ერგება კონკრეტული ადამიანის ცხოვრების წესს. ასეთი გარდერობი საშუალებას იძლევა ინვესტირება ხარისხიან ნივთებში ჩავდოთ და მარტივად მოვარგოთ ჩვენს გარდერობს ტრენდული ნივთებიც.

·      ხარისხიანი სამოსის შეძენა, რომელიც არაერთ სეზონს გასტანს*
თუკი ქაოტურად არ შევიძენთ ნივთებს და ვეცდებით, რომ გარდერობის გონივრული მოცულობა შევინარჩუნოთ, შევძლებთ რამდენიმე იაფფასიანის ნაცვლად ერთი ღირებული ნივთი შევიძინოთ, რომელიც ნაგავსაყრელზე დიდხანს არ აღმოჩნდება.

·      არასასურველი სამოსის გადამუშავება*
ბუნებრივია, ტანსაცმელი, მისი ხარისხის მიუხედავად შეიძლება მოგვბეზრდეს. ნაცვლად იმისა, რომ ეს ნივთები გადავყაროთ, შეგვიძლია მათი გაჩუქება, მეორად საიტებზე გაყიდვა, ან ჩაბარება გადასამუშავებლად. ამ გზით დამატებით შემოსავალსაც მივიღებთ და ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ვაჩუქებთ.

·      ვინტაჟი*
თუ შევიძენთ იმას, რაც უკვე არსებობს, ჩვენ გავუფრთხილდებით ბუნებრივ რესურსებს, რომელიც ყოველი ახალი ნივთის შექმნაზე იხარჯება. ამასთანავე ისეთ უნიკალურ ნივთებს აღმოაჩენთ, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებენ.

იანვარში, კოპენჰაგენის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა დააანონსეს ახალი სტანდარტი კვირეულის მონაწილეებისთვის. იმისათვის, რომ ბრენდმა მოიპოვოს მოდის კვირეულზე მონაწილეობის უფლება ის უნდა აკმაყოფილებდეს მდგრადი წარმოების 17 კრიტერიუმს. შედეგად კოპენჰაგენი პირველი ქალაქია, რომელიც სრულად მდგრად მოდის კვირეულს მასპინძლობს. ამ მაგალითმა პოზიტიური რეაქცია გამოიწვია მოდის სხვა დედაქალაქებიდან და ფაქტია, რომ ინდუსტრია მზად არის ცვლილებებისთვის.

ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება მსჯელობა. იმედი მაქვს მომავალში ბევრ პოზიტიურ ცვლილებას ვიხილავთ. ჩვენ კი ამ თემას აქ კიდევ არაერთხელ შევეხებით.



* ამ თემას უფრო ვრცლად მომავალ სტატიაში იხილავთ 

ჩემი რუტინა|Corona Edition

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში მქონდეს “პროგრამა მინიმუმი”, რომელიც მინდა რომ განვახორციელო. ეს ჩვემს განწყობაზეც დადებითად მოქმედებს და პროდუქტიულობაზეც.

მგონი, სახლში ყოფნის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე მრავალჯერ იქნა განხილული სოციალურ ქსელებში. შეგნებით თუ მივუდგებით მივხვდებით, რომ ფოკუსირება აჯობებს მხოლოდ პოზიტიურზე, ისევ ჩვენი განწყობისთვის.
სახლში ყოფნის პირველ დღეებში იმ საქმეებით დავკავდი, რომელიც სულ “თაროზე მქონდა შემოდებული”: დავალაგე, გადავახარისე, გადავყარე, შევინახე, გავაჩუქე, გამოვაცხვე და ა.შ.

დღეს მომინდა მომეყოლა ჩემს კორონა-რუტინაზე და რითი ვარ დაკავებული ყოველდღიურად. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში მქონდეს “პროგრამა მინიმუმი”, რომელიც მინდა რომ განვახორციელო. ეს ჩვემს განწყობაზეც დადებითად მოქმედებს და პროდუქტიულობაზეც.

დილას, როგორც წესი (2020-ის დასაწყისიდან მოყოლებული), ვწერ To Do სიას. ჩემი ყოველდღიური მიზნების ვიზუალიზაცია მეხმარება დაგეგმვაში და შემდეგ მათი გადახაზვაც სიამოვნებას მანიჭებს. ბუნებრივია, ამ სიტუაციაში სიას ხოლოდ ჩემი განწყობა ფილტრავს, თუმცა რაღაცეები არ იცვლება. მიყვარს დილის დაწყება საინტერესო (ან შთამაგონებელი) ამბებით, იქნება ეს ინსტაგრამი, სხვისი ბლოგი, წინგი თუ ჟურნალი.

ვარჯიში

დიდი ხანია სისტემატიურად არ ვვარჯიშობ, თუმცა ამ პერიოდში თითქმის ყოველ დღე. გარდა იმისა, რომ ვარჯიშით ფიზიკურ მდგომარეობას ვიუმჯობესებ, ეს ასევე ენერგიის დახარჯვაში მეხმარება რაც ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელია. გამომდინარე იქიდან, რომ  ბევრი ჩემი მეგობარი ვარჯიშობს, შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი ვარჯიშის სახეობა და ონლაინ გაკვეთილია ხელმისაწვდომი. პირადად ჩემთვის ყველაზე გამართლებულია გერმანელი ინფლუენსერის Caro Deur-ის YouTube ვარჯიშები. მას საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშები აქვს, როგორც სხეულის კონკრეტული ზონის, ასევე მთელი სხეულის გასააქტიურებლად.

თუ ჯერ არ ვარჯიშობთ და გინდათ დაწყება სცადეთ რამდენიმე ვარჯიში და ნახეთ, რომელი მოერგება თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს უკეთ. ის ვარჯიშები, რომლებიც თქვენთვის ძალიან მარტივი ან რთულია, დიდ სარგებელს არ მოგიტანთ.

ვარჯიშის შემდეგ მიყვარს რამდენიმე წუთით მედიტირება. სუნთქვაზე, სხეულზე და პოზიტიურ ფიქრებზე კონცენტრირება დღის დასაწყებად საუკეთესო საშუალებაა.

დღის განმავლობაში აუცილებლად მივუჯდები სამუშაო მაგიდას. გარდა იმისა, რომ ვამოწმებ სამსახურის მეილებს და ვცდილობ არ ჩამოვრჩე მოვლენებს, ახლა დროს ბლოგს ვუთმობ. ძალაინ საინტერესო პროექტები მაქვს გეგმაში. მაგალითად, აპრილის თვეში რამდენიმე ბლოგი იქნება “გააზრებულ (sustainable) მოდასთან” დაკავშირებით, მათ შორის ერთი ინტერვიუც, რომელიც ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ!

ბუნებრივია, ჩემი დღეები საკმაოდ დატვირთულია იმით, რასაც “guilty pleasure”-ს ვეძახით. დიდი რაოდენობით Netflix, Tiktok (takosikharulidze7), დაუსრულებელი პაზლები და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის დროს კი სახის მასაჟით, ნიღბებით და მსგავსი პროცედურებით ვერთობი. გეგმაშია ახალი Tiktok-ის ვიდეო და კულინარიული რეცეპტები, რომლებიც მინდა ვცადო..

იმედი მაქვს, რომ თქვენც ინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას და ჩემი ბლოგიც მოგეწონათ. გავითვალისწინოთ ექიმების რჩევები, დავრჩეთ სახლში და, იმედი მაქვს, მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!