მოდის ინდუსტრიის მომავალი

რამდენიმე წლის წინ ლონდონში მოდის კვირეულს დავესწარი. ერთ-ერთ ჩვენებაზე მისულს შესასვლელი ცხოველთა დამცველების მიერ ბლოკირებული დამხვდა. ტრანსპარანტების გარდა აქტივისტებს პლანშეტებიც ეჭირათ, რომლებზეც ცხოველების წამების კადრები ტრიალებდა. ჩვენებაზე ყველა სტუმარი შეძახილების და დაცვის თანხლებით მოვხვდით. შესვლისას მეხსიერებაში ამომიტივტივდა სცენა ფილმიდან “სექსი დიდ ქალაქში”, რომელშიც ჩვენებიდან გამოსულ სამანტას ცხოველთა დამცველი აქტივისტი თეთრ ქურქზე წითელ საღებავს ასხამს. თავი დაცულად ვიგრძენი, რადგან ქურქის მსგავსი არაფერი მეცვა. თუმცა, პირველად გავაცნობიერე, რომ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს საკითხი, რომელიც მოდის ეთიკურ, ეკოლოგიურ და გონივრულ ცვლილებებს საჭიროებს.

საქმე იმაშია, რომ ინდუსტრია, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით სამუშაო ადგილს ქმნის, ასევე წამყვან ადგილს იკავებს ჩვენი პლანეტის დაბინძურების მიმართულებითაც. მაგალითად, ყოველწიურად მთელი ტექსტილის 85% ნაგავსაყრელებზე ხვდება, რომლის ნელი ხრწნა ყოველდღიურად აბინძურებს ჰაერსა და წყალს ქიმიკატებით.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ საკითხზე უფრო აქტიურად და ღიად დაიწყეს მსჯელობა. ამჯერად თემის ინიციატორი არა აქტივისტთა ჯგუფი, არამედ თვითონ მოდის ინდუსტრიაა. ვეგანური ტყავი, ეკო-მეგობრული შეფუთვები და მდგრადი წარმოება იმ ცვლილებების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც არსებული ბრენდები განახორციელებენ. მსგავსი მიდგომები ახალი ბრენდებისთვის თავის დამკვიდრების საუკეთესო საშუალებად იქცა და, ბუნებრივია, მოდის ინფლუენსერებმაც არ დააყოვნეს.

Xenia Adonts მოდის პოპულარული ინფლუენსერია, რომელმაც 2019-ში მსოფლიოს საკუთარი ხაზი წარუდგინა. მან ბრენდ Attire-ის შექმნის უმნიშვნელოვანეს მოტივად იმ პრობლემების გააზრება დაასახელა, რომლებიც ამ ინდუსტრიას ახლავს თან. შედეგად, შეიქმნა სრულად მდგრადი ბრენდი, რომელიც ხარისხიან, “timeless” სამოსს აწარმოებს.
კიდევ ერთი ინფლუენსერი, რომელმაც ამ თემაზე ღიად დაიწყო საუბარი არის Vanessa Hong. ის ცნობილია დახვეწილი, მინიმალისტური სტილითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით. გასაკვირი არ იყო, რომ ზამთარში მოდის კვირეულის პერიოდში მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავის  გამომწერებს იმ წინააღმდეგობებს უზიარებს, რომელიც ერთის მხრივ მის საყვარელი საქმეს, ხოლო მეორეს მხრივ ეკო-მეგობრული ცხოვრების წესს შორის წარმოიქმნება. ვანესას ყოველდღიური საქმიანობა ტრენდებისა და ახალი მოდელების გაზიარებაა, რითიც გამომწერებს მუდმივად ახალი პროდუქტების შესაძენად მოუწოდებს. ინფლუენსერების ასეთი გავლენა კი წარმოების დაჩქარებას იწვევს, რაც ხშირ შემთხვევაში ხარისხისა და ეკოლოგიის ხარჯზე ხდება.

მოდის განვითარების ტემპსა და მომავალზე სულ რამდენიმე კვირის წინ Vogue-ის Zoom კონფერენციაზეც ისაუბრეს. გაუქმებული მოდის კვირეულებისა და შეწყვეტილი წარმოების პერიოდში, ინდუსტრიის ლიდერები თანხმდებიან, რომ პანდემიის შემდეგ ინდუსტრიაში ახალი სტანდარტები დაწესდება. Anna Wintour-ის თქმით, შეუძლებელი გახდა მოდის ადეკვატური აღქმა ახალი ტრენდებისა და კოლექციების შექმნის სიხშირის გამო; ხოლო Virgil Abloh ერთადერთ გამოსავალს იმ ეთიკურ მიზნებში ხედავს, რომელსაც ყველა ბრენდი უნდა ემსახურებოდეს.

ჩემი აზრით, გამოსავალი ჯაჭვის ყველა რგოლში მოიძებნება. შესაბამისად მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ჩვენი, როგორც მომხმარებლების, ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გაზრდა.

ამის გაკეთება უამრავი გზით შეიძლება:

·      საბაზისო კაპსულა-გარდერობის შექმნა*
საბაზისო გარდერობი იმ მცირერიცხოვანი ნივთების ნაკრებია, რომლებიც მარტივად ეხამება ერთმანეთს და ერგება კონკრეტული ადამიანის ცხოვრების წესს. ასეთი გარდერობი საშუალებას იძლევა ინვესტირება ხარისხიან ნივთებში ჩავდოთ და მარტივად მოვარგოთ ჩვენს გარდერობს ტრენდული ნივთებიც.

·      ხარისხიანი სამოსის შეძენა, რომელიც არაერთ სეზონს გასტანს*
თუკი ქაოტურად არ შევიძენთ ნივთებს და ვეცდებით, რომ გარდერობის გონივრული მოცულობა შევინარჩუნოთ, შევძლებთ რამდენიმე იაფფასიანის ნაცვლად ერთი ღირებული ნივთი შევიძინოთ, რომელიც ნაგავსაყრელზე დიდხანს არ აღმოჩნდება.

·      არასასურველი სამოსის გადამუშავება*
ბუნებრივია, ტანსაცმელი, მისი ხარისხის მიუხედავად შეიძლება მოგვბეზრდეს. ნაცვლად იმისა, რომ ეს ნივთები გადავყაროთ, შეგვიძლია მათი გაჩუქება, მეორად საიტებზე გაყიდვა, ან ჩაბარება გადასამუშავებლად. ამ გზით დამატებით შემოსავალსაც მივიღებთ და ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ვაჩუქებთ.

·      ვინტაჟი*
თუ შევიძენთ იმას, რაც უკვე არსებობს, ჩვენ გავუფრთხილდებით ბუნებრივ რესურსებს, რომელიც ყოველი ახალი ნივთის შექმნაზე იხარჯება. ამასთანავე ისეთ უნიკალურ ნივთებს აღმოაჩენთ, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებენ.

იანვარში, კოპენჰაგენის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა დააანონსეს ახალი სტანდარტი კვირეულის მონაწილეებისთვის. იმისათვის, რომ ბრენდმა მოიპოვოს მოდის კვირეულზე მონაწილეობის უფლება ის უნდა აკმაყოფილებდეს მდგრადი წარმოების 17 კრიტერიუმს. შედეგად კოპენჰაგენი პირველი ქალაქია, რომელიც სრულად მდგრად მოდის კვირეულს მასპინძლობს. ამ მაგალითმა პოზიტიური რეაქცია გამოიწვია მოდის სხვა დედაქალაქებიდან და ფაქტია, რომ ინდუსტრია მზად არის ცვლილებებისთვის.

ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება მსჯელობა. იმედი მაქვს მომავალში ბევრ პოზიტიურ ცვლილებას ვიხილავთ. ჩვენ კი ამ თემას აქ კიდევ არაერთხელ შევეხებით.



* ამ თემას უფრო ვრცლად მომავალ სტატიაში იხილავთ 

One thought on “მოდის ინდუსტრიის მომავალი

Add yours

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Powered by WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: